პირადი სივრცე

ჯერ კიდევ ბავშვობის დროს ვერ ვიტანდი, როცა ქვიშაში თამაშის დროს ვინმე ჩემს ახლოს იწყებდა თამაშს, ეს ყველაფერი ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებდა და ვცდილობდი “დაუპატიჟებელი სტუმარი” მალე მომეშორებინა თავიდან. ეს ქვეცნობიერის დონეზე ხდებოდა, თორემ დედისერთა და ეგოისტი ნამდვილად არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ყოველთვის მქონდა პირადი სივრცის მოთხოვნილება, რომელსაც ისეთ დიდ ოჯახში, როგორიც მე მქონდა, ვერასოდეს ვიკმაყოფილებდი.
შეიძლება ნანახი გქონდესფილმი “War Of  The Worlds”,  ტომ კრუზის და დაკოტა ფენინგის მონაწილეობით. იქ ერთ-ერთი კადრია, სადაც დაკოტას შეშინებულ და ატირებულ გმირს თავისი ძმა აწყნარებს და ეუბნება – შეკარი ხელებით შენს წინ წრე, ეს შენი სივრცეა, აქ შენ უსაფრთხოდ ხარ. მოკლედ დღეს პირადი სივრცის ცნებაზე უნდა მოგიყვე.
შენც ისევე, როგორც მე გსმენია პირადი სივრცის შესახებ, ხან ერთ კონტექსტში და ხან მეორეში, მაგრამ რას ნიშნავს ის სინამდვილეში? ცხოველებმა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იცოდნენ პერსონალური სივრცის შესახებ, მაგალითად ქვეწარმავალი თავს დაგესხმება, თუ მის ბუდეს მიუახლოვდები, სადაც კვერცხები ულაგია. ძაღლი თავს დაგესხმება, თუ მის მიერ მონიშნულ და დაცულ ტერიტორიას მიუახლოვდები, ლომები არ ეკარებიან სხვა ლომების მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიას და ა.შ.
1960-იან წლებში დოქტორმა ედვარდ ჰოლმა ერთერთმა პირველმა შეისწავლა ადამიანის პირადი სივრცე ან უფრო სწორად “proxemics“, როგორც მან მას დააარქვა. ეს ტერმინი ნიშნავს სწავლებას ადამიანთა ურთიერთობის დროს მათ შორის დისტანციის არსებობის აუცილებლობის შესახებ . მან განაცხადა რომ ადამიანებიც ცხოველთა მსგავსად ნიშნავენ ტერიტორიებს. ეს მართალია, აბა დაუკვირდი, ჩვენ ვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, ჩვენი ქალაქების საზღვრებს, უბნებად ვყოფთ მათ, ვღობავთ ჩვენს სახლებს, რომ ჩანდეს საზღვარი ჩვენს საკუთრებაზე, შეიძლება ითქვას, რომ ლომებივით ვიქცევით და ლომების ჯგუფივით ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას თავისი ტერიტორია აქვს მონიშნული (ლომები პირობითად, ისე ფაქტიურად ყველა ცხოველი ასე იქცევა, უბრალოდ ლომს რომ შეადარებ თავს, უკეთესია :D ).
ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ ამ ხილული საზღვრების გარდა ადამიანები თავის გარშემო თვალით უხილავ საზღვარსაც ქმნიან. გარკვეული დისტანცია განსაზღვრავს, რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს, მაგალითად, მაშინ როდესაც ტრანსპორტში მომხიბლავი უცნობი დგას ზუსტად შენს უკან, იმდენად მჭიდრო გარემოში, რომ მის ცხელ სუნთქვას გრძნობ შენს კისერზე. რამდენად მომხიბლავიც არ უნდა იყოს ეს უცნობი, გარკვეული დისკომფორტი აუცილებლად შეგაწუხებს. დაინტერესებულხარ, თუ რატომ არიდებ თავს თვალით კონტაქტს მატარებელში? რატომ გრძნობ თავს შეზღუდულად ლიფტში ან მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას?

უხილავი დისტანცია

მხატვრულად რომ ვთქვათ, ადამიანები ლოკოკინებივით ვართ, იმ განსხვავებით, რომ ისინი თავის სახლს დაატარებენ ზურგით, ჩვენ კი ყველას უხილავი ჰაერის ბურთები დაგვაქვს, ჩვენ ამ ბურთის შუაგულში ვართ და თავს კომფორტულად ვგრძნობთ, იქამდე სანამ ვინმე არ შემოიჭრება ჩვენს უხილავ ბურთში… ჩვენ მაშინვე ვიგრძნობთ დისკომფორტს და თავს შებოჭილად ვგრძნობთ, ვწუხდებით.
body language
დაახლოებით ვიზუალურად ასე იქნებოდა
ეს უხილავი წრე ჩვენივე ბავშვობაში ყალიბდება და მისი დიამეტრი დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ვიზრდებოდით, მაგალითად თუ  ქალაქგარეთ ან სოფელში გაიზარდე, შენი წრის დიამეტრი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელიც  ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში გაიზარდა, როგორიც თბილისია, რადგანაც შენ ბავშვობიდან გექნებოდა ბევრი თავისუფალი სივრცე და ეს უხილავი ზონის გაზრდას განაპირობებს.

პერსონალური სივრცე
რამოდენიმე წლის წინ ესპანეთში მოსახლეობის მოულოდნელი ზრდის გამო საკლასო ოთახებში  სკამების ჩამატება გადაწყვიტეს, შედეგი კატასტროფული იყო, მოსწავლეები არამარტო ჩამორჩებოდნენ სწავლაში, არამედ  უფრო აგრესიულები გახდნენ და გამუდმებით ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, ეს მათი პირადი სივრცის შეზღუდვით იყო გამოწვეული.

 საზღვრები ადამიანის პირად სივრცესთან მიმართებით

body language
ინტიმური ზონა: დაახლოებით 15-დან 45 სანტიმეტრამდე. ეს ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა  და შეიძლება ითქვას, წინასწარ არის დაკავებული, იქ მოხვედრა მხოლოდ რამოდენიმე ადამიანის პრეროგატივაა, მშობლების, სექსუალური პარტიორის, ბავშვების და ძალიან ახლო მეგობრების. სიახლოვის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა იმას, თუ ვინ არის ესა თუ ის ადამიანი შენთვის… სექსუალური პარტნიორი და ბავშვები დაიშვებიან ყველაზე ახლო დისტანციაზე – 15 სმ-ზე უფრო ნაკლები სიახლოვით, რის საპირისპიროდაც ჩვენ ოჯახის სხვა წევრებს რაღაც დისტანციით მაინც ვართ დაშორებულები. მაგალითად, როცა ვკოცნით გამომშვიდობებისას ან მისალმებისას. ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელზეც ჩვენს გონებაში არ გვაქვს ამ ზონაში შემოსვლისთვის დაშვებული საშვი და იჭრება იქ, იწვევს  გარკვეულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს (მაგალითად გულის ცემის გახშირება) ჩვენს ორგანიზმში, იმიტომ, რომ ჩვენ  საფრთხეს ვგრძნობთ.
სამეგობრო ზონა: 45 სმ-დან 1.2 მეტრამდე. ეს დისტანცია  ისეთ სოციალურ შეკრებებზე გამოიყენება როგორიც არის წვეულებები, მეგობრული ურთიერთობა და სხვა.
სოციალური ზონა: 1.2 მეტრიდან 3.5 მეტრამდე. ეს მანძილი განსაზღვრულია იმ უცნობებისთვის, რომლებსაც ახლახან შევხვდით. ნაცნობები და ყველა, ვისთანაც ჩვენ არ გვაქვს ახლო დამოკიდებულება, ამ ზონაში ხვდება.
საზოგადოებრივი ზონა: ნებისმიერი მანძილი 3.4 მეტრიდან ზევით. გამოიყენება ხალხთა ჯგუფის მიმართ.

ხალხმრავალი ადგილები

პრაქტიკაში რომ გაანალიზო ზემოთხსენებული ოთხი ზონის არსებობა, შეგიძლია პატარა ექსპერიმენტი ჩაატარო: წადი სადმე, სადაც მუდმივად ბევრი ხალხია, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან დაწყებული, როგორიც არის მეტრო ან ავტობუსები, ასევე შეგიძლია სუპერმარკეტებში და მუზეუმშიც კი შეიარო, დააკვირდი შენს საკუთარ საქციელს და იმ ხალხის საქციელს, რომლებიც იძულებულები არიან,  ინტიმურ ზონაში სხვა ხალხის ყოფნა აიტანონ  და მიხვდები, რომ შენც სხვა ადამიანებივით მიყვები დაუწერელ წესებს:
  • მაქსიმალურად ცდილობ თავი აარიდო თვალით კონტაქტს.
  • ცდილობ ემოციების შეკავებას.
  • ხალხმრავალ ადგილას მკაცრი სახით დგახარ, თავს იკავებ ზედმეტი ფიზიკური მოძრაობისაგან.
  • ცდილობ მთელი მგზავრობის მანძილზეიყო ჩუმად .
  • ცდილობ თავი მოაჩვენო დაკავებულად, ვითომ სულ არ გაინტერესებს, რა ხდება შენს გარშემო. კითხულობ რამეს, იქნება ეს წიგნი, გაზეთი თუ განცხადება კედელზე, იღებ მობილურს და საქმიანი სახით დაყურებ ან თამაშობ, იმ შემთხვევაში თუ ლიფტში ხარ, უყურებ როგორ იცვლება სართულის ნომრები.
body language
კიანუ რივზი მეტროში
შეგიმჩნევია კიდევ ერთი პატარა დეტალი? როდესაც მგზავრობ ტრანსპორტით, მაგალითად მეტროთი და ირჩევ ადგილს, შენ არ დაჯდები პირველივე ადგილას, რომელიც შემოგხვდება, შენ აირჩევ ადგილს, რომელიც რამდენადმე მოშორებულია სხვა ადამიანებისაგან და სადაც შენ გექნება პირადი სივრცის შეგრძნება. პირადად მე სულ ასე ვიქცევი.
body language
თუ შენ მძღოლი ხარ, ადვილი შესაძლებელია შეგემჩნია სხვა მანქანის მძღოლები, რომლებიც იკეთებენ მაკიაჟს, ისწორებენ თმას ისე იქცევიან, თითქოს ვერავინ დაინახავს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი პირადი სივრცე შეიძლება გაფართოვდეს იმის მიხედვით, თუ რას ემყარება ჩვენი ინტიმური ზონა  და ამის მიხედვით შეიძლება იმაზე დიდ ფართობზე გაიწელოს, ვიდრე მიღებულია. ეს დაახლოებით ისეთი შემთხვევაა, როცა სასადილო ოთახში ოჯახის უფროსს თავისი საყვარელი სავარძელი აქვს არჩეული და არ უყვარს, როცა მასზე სხვა ვინმე ჯდება, ამით მისი ინტიმური ზონა არის გაფართოებული და სავარძელსაც ფარავს. ზუსტად ასევე ემართებათ იმ ავტომანქანის მძღოლებსაც, რომლებიც ქუჩაში იწესრიგებენ თავს, მათი ინტიმური ზონა მანქანაზეც ვრცელდება, ამიტომ იქ თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, აუცილებლად შეესწრებოდი ფაქტს როგორ ცოფდებიან მძღოლები, როცა მათ ვინმე გზას გადაუჭრის და გადაუსწრებს, რადგანაც ამას მათ ინტიმურ ზონაში შეჭრად თვლიან და ამიტომ ერთგვარად ბრაზდებიან, შმაგდებიან.

საკუთრება

პირადი სივრცის გარდა ადამიანებს კიდევ ერთი თვისება გვახასიათებს, დავნიშნოთ ჩვენს მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული საგნები. შენც მოგისმენია როგორ ტრაბახობს შენი ნაცნობი ახალი მანქანით „დიახ, ეს ჩემი ახალი პაწუკაა“, თუმცა ეს მარტო მატერიალურ საგნებს არ ეხება, წყვილებიც ასევე იქცევიან, ხშირად ხვევენ ხელებს ერთმანეთს, ისწრაფიან ერთმანეთისკენ, ეს ერთგვარი ფორმაა ფიზიკური კონტაქტის გამოხატვის და ამ დროს ვქმნით ილუზიას, რომ ამ საგანზე ან ადამიანზე ჩვენი პერსონალური სივრცე ან საკუთრება ვრცელდება და მას ფარავს.

საკუთრების გაცხადება ვინმეზე
ქალები თავს ევლებიან თავის ქმრებს, ეხებიან მათ ტანსაცმელს, უსწორებენ ჰალსტუხს, ეს მარტო სიყვარულის გამოხატულება არ არის, ეს ასევე გარშემომყოფებს აჩვენებს „ის ჩემია! დაახვიეთ აქედან“. სკოლაში ბავშვები მერხზე თავის საკუთრებას ხშირად გამოხატავენ მასზე ფეხების შეწყობით ან საკუთარი სახელის დაწერით. თუმცა საკუთრების გამოხატვის ეს გზა უფრო უნებური და გაუცნობიერებელია. ასე რომ ამის შემდეგ თუ მსგავს სურათს წააწყდები, იცოდე, ის ბიჭი უკვე დაკავებულია.